ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, გურიისა და აჭარის რეგიონებში, მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ეფუძნება შარშან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გამართულ მსგავს წარმატებულ ღონისძიებათა სერიას, ფართოვდება და მეტ რეგიონს მოიცავს. წელს ამ სიას ოზურგეთი შეუერთდა.
ბათუმისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ. მოზარდებმა ტოლერანტობისა და თანასწორობის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ის ცნობილი ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეები გაიხსენეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებების და თანასწორობის საკითხების შესახებ, რათა ისინი გახდნენ მეტად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები.
ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.