Back საქართველოში სოციალური საკითხების გაშუქება და ევროპის სოციალური ქარტია

საქართველოში სოციალური საკითხების გაშუქება და ევროპის სოციალური ქარტია

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აღიარებს და განამტკიცებს ადამიანის ფუნდამენტურ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. სოციალური ქარტია მიჩნეულია ევროპის „სოციალურ კონსტიტუციად“, რომლის 1996 წლის განახლებული ვერსია რატიფიცირებულ იქნა საქართველოს მიერ 2005 წელს. ამავე დროს, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის და ეროვნული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების (მათ შორის 2020 წლის ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში და ძლიერი შრომის ინსპექციის შექმნა) მიუხედავად, გამოწვევები კვლავ სახეზეა.

2023 წლის 6-7 ივნისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებისთვის თემაზე: საქართველოში სოციალური საკითხების გაშუქება და ევროპის სოციალური ქარტია. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა საერთო მაუწყებლობის და ონლაინმედია საშუალებებიდან, როგორც თბილისიდან, აგრეთვე რეგიონებიდან.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ევროპის სოციალური ქარტიის პრინციპებს და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის საქმიანობას. დისკუსია,   შეეხო ქარტიის და მისი  საქართველოში აღსრულების საკითხებს.

ღონისძიების მიზანია ჟურნალისტების გადამზადება სოციალური უფლებების და მათთან დაკავშირებული საკითხების  ეფექტიან და სწორი აქცენტების გაშუქებაში. შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს ექპერტებთან ერთად, მონაწილეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება ევროპის საბჭოს ამ მექანიზმის გამოყენება სოციალური თემების გაშუქების დროს. მონაწილეებმა განიხილეს სოციალური თემების გაშუქების არსებული პრაქტიკა, მათ შორის ეთიკური დილემების და მათი გადაწყვეტის გზები და სოციალურ ქარტიაზე რეფერირების შესაძლებლობები. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტმა - გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა რომ „სოციალური უფლებები ადამიანის უფლებებია. ევროპის სოციალური ქარტია არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გაეცნოს თუ როგორ იცავენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები სოციალურ უფლებებს. ჟურნალისტების როლი სოციალური უფლებების დაცვის პოპულარიზაციაში უმნიშვნელოვანესია. დღევანდელი დისკუსია საშუალებას აძლევს ტრადიციული და ახალი მედიის წარმომადგენლებს გაეცნონ ევროპის სოციალურ ქარტიას, მის გავლენას საქართველოში და იმსჯელონ თუ როგორ გამოიყენებენ ქარტიის სტანდარტებს ქვეყანაში სოციალურ საკითხების გაშუქების დროს"

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ორგანიზატორებთან ერთად იმსჯელეს მედია სექტორსა და ევროპის საბჭოს შორის შესაძლო თანამშრომლობის გზებზე, რაც სოციალური თემების გაშუქების ეფექტიანობას გაზრდიდა, მათ შორის სოციალური ქარტიის ჭრილში.

„სოციალური ქარტიის შესახებ ზედაპირული ინფორმაცია მქონდა. ვორქშოპის მოსმენის შემდეგ ცოდნა გამიღრმავდა - გავიგე, რა თემებს ფარავს ქარტია და ასევე, როგორი პროგრესი აქვს საქართველოს ქარტიის ფარგლებში აღიარებული დებულებების იმპლემენტაციის საქმეში. ქარტიის დებულებების იმპლემენტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთელ რიგ სფეროებში საქართველოს მოქალაქეების უფლებათა რეალიზაციას და ცხოვრების ხარისხს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია მედიის მხრიდან ქარტიის დებულებების შესრულებაზე მონიტორინგი და ამ თემებზე პასუხისმგებელი ორგანოების საქმიანობის გაშუქება. ეს ხელს შეუწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას საკითხებზე, რომელთაც ქარტია მოიცავს“- ლიკა ზაკაშვილი "პუბლიკას" მთავარი რედაქტორი.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტების „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“და „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

7 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page