Back საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სწავლების სფეროში

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სწავლების სფეროში

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. მანდატურის სამსახურის ცამეტმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები; სტერეოტიპები და ცრურწმენები; შშმ ბავშვების უფლებები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები და სხვა.

ეს მეორე ტრენერთა ტრენინგია, რომელიც 2021 წელს ჩატარდა. ჯამში 2019 წლიდან მოყოლებული, 39 თანამშრომელი (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მანდატურები) გადამზადდა. მათგან 21-მა თავად ჩაატარა ტრენინგები: მხოლოდ 2021 წელს სხვადასხვა  ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს 240 მანდატურისთვის და 25 კოორდინატორისთვის ადამიანის უფლებების, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და არადისკრიმინაციული მიდგომის შესახებ. ტრენინგებს ესწრებოდნენ მონაწილეები თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

ტრენერთა ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ეფექტიანად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან, მოსწავლეებთან და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა რგოლთან. ასევე, უზრუნველყონ სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიისა და პრევენციული ღონისძიების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება.

ტრენინგის პროგრამა შემუშავდა 2019 წლის ბოლოს, მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ტრენინგი ჩაატარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, რომლებიც ასევე ჩართულები იყვნენ ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის.

ტრენერთა ტრენინგს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

28-30 ოქტომბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page