15 თებერვალი 2022 - ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დღეს წარმოადგინა 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ შედეგები და კვლევის „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ ძირითადი მიგნებები, რომელიც ასევე მოიცავს მრავალფეროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებებს ბოლო სამი წლის განმავლობაში
პროექტი, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეზობლო პროგრამის (DANEP) დაფინანსებით განხორციელდა, მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობადობის ამაღლებას თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ საქართველოში. სიძულვილის ენის, სიძულვილის დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებების შეფასებისთვის, CRRC საქართველომ 2021 წელს ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა, სიღმისეულ ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები და ძირითადი მიგნებები შეადარა 2018 წელს დასრულებული მსგავსი კვლევის შედეგებს.
კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმისა და ინფორმირებულობის შეფასება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.
კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018-დან 2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია. ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70 % გაიზარდა და 14 %-იანი სხვაობა დაფიქსირდა. 2018 წელს ამ კითხვაზე ყველაზე ხშირი, კერძოდ, რესპონდენტთა 36 %-ის პასუხი იყო: „არ ვიცი“ ან „არ მახსენდება უმცირესობათა არცერთი ჯგუფი“. 2021 წელს კი მხოლოდ 28 % გაიმეორა იგივე, შესაბამისად, 8%-ნი სხვაობა გამოვლინდა
ადამიანებს ახლა უფრო უადვილდებათ უმცირესობის ჯგუფის დასახელება, როცა ეკითხებიან პირველად რომელი ჯგუფი ახსენდებათ, როცა უმცირესობებზე ფიქრობენ. საზოგადოებას ახლა უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, ზოგადად, მრავალფეროვნების და ასევე ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით მონაცემები დადებითი დამოკიდებულების 12 %-იან ზრდაზე მიუთითებს - 56-დან 68 %-მდე, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში 14 %-იან ზრდაზე - 46-დან (2018 წელი) 60 %-მდე (2021 წელი).
2018 წელთან შედარებით საზოგადოება უფრო მეტად გათვითცნობიერებულია და მეტი მიმღებლობა აქვს უმცირესობების უფლებების მიმართ. 2018 წელს 33 %-დან 2021 წელს 47 %-მდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ასევე, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თვლიდა, რომ ლგბტ უფლებების დაცვა უმნიშვნელო იყო, შემცირდა 44%-დან 2018 წელს 29%-მდე 2021 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალფეროვნების მიმართ სულ უფრო პოზიტიური ხდება, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის ინფორმირებულობის კუთხით მცირე თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება. ასევე უცვლელი რჩება რეაგირების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმირებულობა და შეხედულებები.
კვლევის სრული ანგარიში „სიძულვილის ენა, სიძულვილის დანაშაულები და დისკრიმინაცია საქართველოში: დამოკიდებულებები და ცნობიერება 2021 წელს“ ხელმისაწვდომია აქ ინგლისურ და ქართულ ენებზე.
პროექტი “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” განხორციელდა საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.