ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მკაცრად დაგმო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები. მან ასევე დაგმო პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეუსაბამოდ ნაჩქარევი წესით მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ სადაო კანონს აპროტესტებენ.
„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ. შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, ამ კანონის მიმართ მათი დამოკიდებულები მიუხედავად,“ - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა რუსოპულოსმა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ვენეციის კომისიის მოსაზრება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, უკვე მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი და ქართველ კანონმდებლებს მოუწოდა, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონი ძალაში შესვლამდე.