ევროპის საბჭომ წარმატებით დაასრულა პროგრამის - „პოზიტიური მშობლობა“ პილოტირება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, ასევე ზრუნვის სააგენტოში და საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურში.
პროგრამა თავდაპირველად სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ეროვნული სტრატეგიის 2022-2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
პროგრამის მიზანია სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების როგორც ქალი, ასევე კაცი მსჯავრდებულებისთვის პოზიტიური მშობლობის არსისა და მნიშვნელობის გაცნობა, რაც თავის მხრივ მნიშვნეელოვანი ინსტრუმენტია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დაცული გარემოს შესაქმნელად და შედეგად ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის ხელშესაწყობად. პროგრამა ყურადღებას ამახვილებს მშობლის არსზე, აღზრდის სტილებზე, მშობელსა და შვილს შორის ეფექტურ და თანამშრომლობით ურთიერთობაზე, ბავშვის განვითარების ეტაპებზე, რთული ქცევის მართვის სტრატეგიებსა და ეფექტური მშობლობისთვის საჭირო ტექნიკებზე. პოზიტიური მშობლობის პროგრამის ფარგლებში პროგრამაში მონაწილეები გაეცნობიან შვილებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მშობლობისთვის საჭირო უნარებს.
პროგრამამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა მონაწილეებისგანაც. “რა თქმა უნდა ვიცოდი რომ ოჯახი მნივშენლოვანია, მაგრამ ამ კურსმა დამანახა რომ ბავშვებისთვის ოჯახი ორმაგად მნიშვნელოვანია. ეს კურსი ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ის ყველა მშობელს და მომავალ მშობელს გამოადგება,“ გაგვიზიარა პროგრამის მონაწილე ქსანის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებიდან. „ერთი შვილი მყავს. გარდატეხის ასაკშია. პროგრამის წყალობით ურთიერთობები გაგვიუმჯობესდა. უკეთესად გავიგე მისი ემოციები,“ გვიამბო პროგრამის კიდევ ერთმა მონაწილემ რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებიდან.
პროგრამის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს პილოტური პროგრამის ეფექტურობის შეფასებას ფოკუს ჯგუფების მეშვეობით და პროგრამის გადამუშავებას, მშობლებისთვის დამხმარე მასალის გამოცემას, ფასილიტატორთა სახელმძღვანელოს შექმნას და სპეციალისტების ტრენერთა ტრენინგებს პროგრამის შემდგომი დანერგვისა და დახვეწის მიზნით.
პროგრამა - „პოზიტიური მშობლობა“ ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „პენიტენციური სისტემის რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ, პომპიდუ ჯგუფის კომპონენტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.