ევროპის საბჭომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით, გამართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) შესაბამისობა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისათვის (VASP) “, რომელსაც ესწრებოდა VASP-ების 44 წარმომადგენელი.
აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს იმ ღონისძიებათა ნაწილს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს შესაბამისი ორგანოების ძალისხმევას უზრუნველყონ ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ რეგულაციების შესაბამისობის გაძლიერება, ისევე როგორც გადახდის ალტერნატიულ მეთოდებზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.
ვირტუალური აქტივების მომსამხურების პროვაიდერებზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებული მოთხოვნები გავრცელდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2023 წლის 1 იანვრის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც განხორციელდა MONEYVAL-ის საქართველოს 2020 წლის მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშის (MER) შესაბამისად. ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე არ ვრცელდება AML/CFT მოთხოვნები და რეკომენდაციას უწევს ქვეყანას მიიღოს სათანადო ზომები ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების თავიდან აცილების მიზნით. MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები დაექვემდებარნენ AML/CFT მოთხოვნებს და დაევალათ განახორციელონ AML/CTF-ის შესაბამისობის პროცედურები.
ტრენინგი მიზნად ისახავდა AML/CFT-ის ეროვნული სამართლებრივი მოთხოვნების იმპლემენტაციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების, ასევე ამ რისკების შემცირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ცოდნის გაუმჯობესებას. მარეგულირებელი და ანგარიშვალდებული პირების მიმართ არსებულ მოთხოვნებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს არსებული სამართლებრივი ჩარჩო და პროცედურები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს ევროპის საბჭოს ექსპერტების პრეზენტაციები, რომლებიც შეეხებოდა ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით არსებულ კარგ პრაქტიკას, აღნიშნულ სექტორში კლიენტის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის (Customer Due Diligance), იცნობდე შენს კლიენტს (Know Your Customer) და Travel Rule-ის, ასევე მონიტორინგის განხორციელების, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშის გაგზავნისა და მიზანმიმართული ფინანსური სანქციების გამოყენების შესახებ მეთოდებს.
აქტივობის მიზანია ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას განახორციელოს MONEYVAL-ის რეკომენდაციები, რაც მოიცავს ეფექტური AML/CFT ზედამხედველობის დამყარებას, ასევე საზედამხედველო ორგანოებისა და ანგარიშვალდებული პირების მიერ აღნიშნულ სექტორში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებისა და შესაბამისი AML/CFT ვალდებულებების უკეთ გაცნობიერებას.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში.