Back მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მზად არიან ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ცოდნა სკოლებში გაავრცელონ

მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მზად არიან ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ცოდნა სკოლებში გაავრცელონ

ევროპის საბჭო განაგრძობს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფისთან. საბჭოს მხარდაჭერით 16-21 ივლისს ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ექვსდღიანი სასწავლო კურსი განხორციელდა. წელს, მანდატურებს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგებიც შეუერთდნენ, რათა ტრენინგის საშუალებით აიმაღლონ ცოდნა და გახდნენ ადამიანის უფლებათა სწავლების გამავრცელებლები. ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებების თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულების ოცმა თანამშრომელმა გაიარა.

„განგრძობითი განათლება და ცნობიერების გაზრდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა და თანასწორობა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიღებული ცოდნა სათანადოდ გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთან, ჩვენი ტრენერები მუდმივად ატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს მოსწავლეებთან, რათა ხელი შევუწყოთ სკოლებში უსაფრთხო, თანასწორი, ზრუნვაზე ორიენტირებული და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას“, - აღნიშნა სოფიო აბულაშვილმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა.

ნიკა მექვაბიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკმა, ტრენინგის შეფასებისას აღნიშნა: “ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი იყო საინტერესოდ სტრუქტურირებული, ინტერაქციული და ორიენტირებული მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანაზე. ასევე, გავეცანით ადამიანის უფლებების სწავლების სხვადასხვა ინსტრუმენტს, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში.”

ტრენინგებს ევროპის საბჭოს ექსპერტები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერად მომზადებული თანამშრომლები უძღვებოდნენ.

ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია; ბულინგი და კიბერბულინგი; ეფექტიანი ფასილიტაცია; ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები; სიძულვილის ენა და სხვა.

ეს აქტივობა განხორციელდა პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 16-21 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge