25-26 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ქართველი მედიატორებისა და მოსამართლეებისთვის ჩატარდა სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში. ვიზიტის მიზანი იყო ქართული მხარისთვის სასამართლო და კერძო მედიაციის ჰოლანდიური სისტემის გაცნობა და მედიაციისთვის გადასაცემი საქმეების განხილვისთვის აუცილებელი უნარების გაუმჯობესება.
მედიატორებისა და მოსამართლეებისგან შემდგარი დელეგაცია შეხვდა ნიდერლანდების მედიატორთა ფედერაციის, მართლმსაჯულების საბჭოსა და იურიდიული დახმარების საბჭოს წარმომადგენლებს.
სასწავლო ვიზიტის დროს დელეგაციას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაცნობოდა ჰოლანდიური მედიაციის სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას. მონაწილეები გაეცნენ მედიაციის თავისებურებებს, მათ შორის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მედიაციისთვის საქმეთა გადამისამართების პროცედურებს, სამედიაციო შეთანხმების ასპექტებს, მედიაციას იურიდიული დახმარების ფარგლებში და ა.შ. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ჰოლანდიელი მოსამართლისგან სასამართლოს მედიაციის მახასიათებლებზე, სასამართლოებში მედიაციის ბიუროების ფუნქციებზე, საქმეთა შერჩევის კრიტერიუმებზე და რეალური დავების პრაქტიკულ მაგალითებზე სხვადასხვა სამართლებრივი სფეროდან. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს მედიაციის ბიურო ბრედას რაიონულ სასამართლოში.
სასწავლო ვიზიტი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.