Back საქართველოს განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების სასწავლო ვიზიტი მოლდოვაში

სკოლის დემოკრატიული მმართველობისა და მოქალაქეობრივი განათლების სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 20 წარმომადგენელი 10-14 ოქტომბერს მოლდოვას რესპუბლიკას ეწვია.
საქართველოს განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების სასწავლო ვიზიტი მოლდოვაში

ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ მთავარი მიმართულება სკოლების დემოკრატიული მმართველობის მეთოდოლოგიური გზამკვლევის შემუშავება და პილოტირებაა. გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოსწავლეთა მონაწილეობის გაზრდისკენ მიმართული პრაქტიკული სახელმძღვანელოს პილოტირება უკვე ერთი წელია საქართველოს 20 სკოლაში მიმდინარეობს. ევროპის პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ მსგავსი პროექტი „განათლება დემოკრატიისათვის“ მოლდოვას რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რომელიც ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მოლდოვაში სკოლის დემოკრატიული მმართველობის მეთოდოლოგიური გზამკვლევი, რომლის პილოტირება 49 სკოლაში განხორციელდა, 2023 წელს განათლებისა და კვლევის სამინისტრომ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტად დაამტკიცა.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა ცხრა სკოლის გუნდმა მიიღო. თითოეული გუნდი სკოლის ადმინისტრაციის ერთ წევრისა და ერთი მასწავლებლისგან შედგებოდა. მონაწილეები, განაცხადის საფუძველზე,  პროექტის 20 საპილოტე სკოლიდან იქნა შერჩეული.  ქართულ დელეგაციაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. სამი ინტენსიური სამუშაო დღის მანძილზე, დირექტორებსა და მასწავლებლებს საშუალება მიეცათ  მოლდოვურ საგანმანათლებლო პრაქტიკას გაცნობოდნენ.

პირველმა სამუშო შეხვედრამ მოლდოვას რესპუბლიკის განათლების მინისტრის, ვალენტინა ოლარუსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, მარიუს ჩიპრიან ტოტის მონაწილეობით ჩაიარა. ამავე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, არინა ზიქუმ, მონაწილეებს მეთოდოლოგიური გზამკვლევის პილოტირების ეტაპები გააცნო.  მომდევნო ორ დღეში, ქართულ დელეგაციას  კიშინაუს მიმდებარე სოფლების სკოლებმა უმასპინძლეს. ვიზიტების დროს მონაწილეებმა დაათვალიერეს სკოლების ინფრასტრუქტურა, მოისმინეს განხორცილებული აქტივობების შესახებ პრეზენტაციები, გაეცნენ დემოკრატიული მმართველობის დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს და რაც მთავარია, მიიღეს ინფორმაცია იმ საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, რომლებიც მოდლოვურმა სკოლებმა ამ პროექტში ჩართულობის შედეგად დააგროვეს. განსაკუთრებული ინტერესი ჰინჩესტის სკოლაში დადგმულ მოსწავლეთა თვითმმართველობის იმიტირებულმა სხდომამ გამოიწვია, სადაც ნაჩვენები იყო მოსწავლეთა ინიციატივების მოგროვებისა და სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

სამუშაო ვიზიტის ბოლო ნაწილი სამუშაო გეგმების შემუშავებას დაეთმო, რასაც პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ უფროსი ოფიცერი, თამუნია ჭინჭარაული, უძღვებოდა. სესიაზე სკოლების გუნდები დეტალურად გაეცნენ მოლდოვურ საუკეთესო პრაქტიკების კრებულს. 28 პრაქტიკადან, გუნდებმა ინტერესისა და მათი სკოლების საჭიროების მიხედვით შეარჩიეს ის საუკეთესო პრაქტიკები, რომლებსაც საქართველოში დაბრუნდების შემდეგ განახორციელებენ. ცხრა სკოლის გუნდმა ჯამში ათი პრაქტიკა შეარჩია და დეტალური სამოქმედო გეგმები გაწერა. პროექტების განხორციელების პროცესში გუნდებს მენტორობასა და მხარდაჭერას  ევროპის საბჭოს ექსპერტი გაუწევს. საუკეთესო პრაქტიკების შედეგების წარდგენა პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ საბოლოო კონფერენციაზე მოხდება.

*პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში-მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.


Image Gallery

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge