ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, თანამშრომლობის ახალი პროექტის „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში (SFEM-GE)“ განხორციელება დაიწყო. ეს უკანასკნელი ეფუძნება ევროპის საბჭოს წინა პროექტს „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება საქართველოში (SMIP-GE)“ და 2024-2025 წლებს მოიცავს.
ორწლიანი პროექტი, გამოხატვის თავისუფლების სფეროში თანამშრომლობის საჭიროებების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რომლებიც ასახულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაში და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში გაწერილ პრიორიტეტებს ითვალისწინებს. კერძოდ, გულისხმობს:
- მედიის რეგულირების პრაქტიკის დანერგვას ევროპული სტანდარტების შესაბამისად
- ჟურნალისტების უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში ევროპის საბჭოს სტანდარტების დაცვას.
ღონისძიება გახსნეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს თანამშრომლობისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების განყოფილების პროექტის მენეჯერმა შაჰინ აბასოვმა, საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა.
ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, წინა თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მედიის რეგულირებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სფეროში მიღწეული შედეგების შესახებ გააზიარეს ინფორმაცია. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროპის საბჭოს კამპანიას „ჟურნალისტი მნიშვნელოვანია“, რომელიც პრესის თავისუფლების ხელშეწყობასა და ჟურნალისტების ძალადობის/მუქარისგან/შევიწროებისგან დაცვას ემსახურება, მათ მიერ ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას.
ღონისძიებამ, პროექტის დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებს წარმოადგენენ (სახალხო დამცველის ოფისი, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და გენერალური პროკურატურა), ევროპის საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხით თავიანთი პრიორიტეტებისა და წინა პროექტის ფარგლებში, ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ მაგალითების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
გახსნითი ღონისძიების შემდეგ კი, პროექტის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა ჩატარდა, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს შორის დაგეგმილი ქმედებების განხილვას ისახავდა მიზნად.
ზემოთაღნიშნული აქტივობა განხორციელდა „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.