Back მართლმსაჯულების 2023 წლის ზამთრის სკოლა დასრულდა

მართლმსაჯულების 2023 წლის ზამთრის სკოლა დასრულდა

მართლმსაჯულების მეექვსე ზამთრის სკოლა, რომელიც 2023 წლის 22-26 იანვარს მიმდინარეობდა, დასრულდა. ოთხი დღის მანძილზე, სასამართლოს სისტემის და იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეუმჯობესებინათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

2023 წლის მართლმსაჯულების სკოლა ევროპის საბჭოსთან, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასა  და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან  (UN OHCHR) თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით ჩატარდა.

„მართლმსაჯულების სკოლა, რომელსაც დაარსების დღიდან მხარს უჭერს ევროსაბჭო, არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სამართლის პროფესიონალებს განაგრძონ თავიანთი პროფესიული განვითარება, რითაც გააუმჯობესებენ თავიანთ ცოდნასა და უნარები. ის ასევე შესაძლებლობას აძლევს სამართლის პროფესიონალებს,  იურთიერთონ სხვა სასამართლოებში მსგავს პოზიციაზე მომუშავე პირებთან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.“ – განაცხადა უშანგი ბახტაძემ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „საქართველოში სასამართლო რეფორმის ხელშეწყობის“ პროექტის უფროსმა ოფიცერმა.

მოწვეულმა თერთმეტმა ექსპერტმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, ბავშვთა უფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხები და ბიზნეს სამართლის სფერო. გარდა ამისა, ტრენინგი დაეთმო სამართლებრივი წერის უნარის გაუმჯობესებას, განაჩენის გამოტანისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღწერას.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნილ ვაინსტაინმა განაცხადა, რომ  "პროგრამის ერთ-ერთი მიზანი ინდივიდუალური მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის შესაძლებლობების განვითარებაა. ზამთრის სკოლა, რომელსაც 2018 წლიდან USAID მხარს უჭერს, ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენი მხარდაჭერა ზამთრის სკოლის მიმართ არის სასამართლოს თანაშემწეების და სასამართლოს სხვა პერსონალის მნიშვნელოვანი როლის აღიარება საქართველოს სასამართლო სისტემაში, ისევე როგორც, ქვეყანაში პროფესიონალი და დამოუკიდებელი მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის არსებობის მნიშვნელობა.“

„OHCHR-ს აქვს მანდატი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან გამომდინარე, რომლის 75 წლის იუბილესაც წელს აღვნიშნავთ, ხელი შეუწყოს და დაიცვას ყველა ადამიანის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობა და მათი სრული რეალიზაცია. სასამართლო ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება იყო და დარჩება OHCHR-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად. მოხარული ვართ, რომ გავაგრძელებთ ამ ინიციატივის მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ზამთრის სკოლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს შეიძინონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხერხები, რათა იმოქმედონ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვის სულისკვეთებით“, -  აღნიშნა საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტების მენეჯერმა, სოფო ბენაშვილმა. 

ზამთრის სკოლის დასასრულს ჩატარებული ტესტირების საფუძველზე პირველი და მეორე ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან. პირველი ადგილის მფლობელი ათ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ქართველ მოსამართლესთან ერთად აშშ-ში დაგეგმილ სასწავლო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მეორე ადგილის მფლობელი კი,  ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების შესწავლის მიზნით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისს ეწვევა.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page