ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისმა მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და ფუნქცია.
აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს დაკავშირებულს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსთან და მიმოეხილათ შესაბამისი პრეცედენტული გადაწყვეტილებები. ევროპის საბჭოს ექსპერტთან ერთად ვრცლად მიმოხილული იყო ჟურნალისტური გამოძიების მნიშვნელობის საკითხები, გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებული ეთიკური სტანდარტები თუ მეთოდოლოგია. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა ასევე იმსჯელეს როგორც მაუწყებელში არსებული ძირითადი პრობლემების თაობაზე, ასევე მისი გადაჭრის მეთოდებზე.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების, საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.