Back ვენეციის კომისია ორ ახალ მოსაზრებას აქვეყნებს გენდერული კვოტების გაუქმებასა და ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

ვენეციის კომისია ორ ახალ მოსაზრებას აქვეყნებს გენდერული კვოტების გაუქმებასა და ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

ვენეციის კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებული ორი ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს: მოსაზრება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც უქმდება გენდერული კვოტები და 2023 წლის დეკემბრის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შესახებ ერთობლივი მოსაზრების შემდგომი მოსაზრება.

გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტები აღიარებს სახელმწიფოს მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებას  -  ისევე როგორც ეს აღიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში, რომლითაც სასამართლომ დადასტურდა დროებითი გენდერული კვოტების კონსტიტუციურობა. 2020 წლის ცვლილებების მიხედვით შემოღებული გენდერული კვოტები საპარლამენტო და ადგილობრივ საარჩევნო კანდიდატთა სიებში, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი, შესაბამისობაში იყო ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებასთან, თუმცა, ახლა ეს ცვლილებები გაუქმდა, ქალი კანდიდატების არჩევის ხელშეწყობის სხვა ზომებით ჩანაცვლების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სახელმწიფოს თავად შეუძლია გადაწყვიტოს დემოკრატიულ ინსტიტუციებში, მათ შორის პარლამენტში, გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების გზები,  ცხადია, რომ გენდერულ კვოტებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობაზე და ეს არ ეწინააღმდეგება თანასწორი ხმის უფლების პრინციპს, თუ მას აქვს კონსტიტუციური საფუძველი, საქართველოს მსგავსად. შესაბამისად, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ მიღებულ იქნას საგანგებო დროებითი ზომები პარლამენტში და ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიც არის გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდის ხელახალი შემოღება ქალი კანდიდატების არჩევის ხელშესაწყობად და ამჟამად არჩეული ქალების პროცენტული რაოდენობის არსებითად გასაზრდელად.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და პარლამენტის პროცედურული წესების შესახებ შემდგომ მოსაზრებას, ვენეციის კომისია ღრმად შეშფოთებულია, რომ არც ერთი რეკომენდაცია, ნაწილობრივადაც კი, არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამჟამად მიღებული ცვლილებები შეუსაბამოა კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც საკვანძოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ვაკანტური პოზიციების შესავსებად ჩიხიდან გამოსვლის ახალი მექანიზმია, რომელიც ორი დამატებითი კენჭისყრის შესაძლებლობას იძლევა და კანდიდატის მარტივი უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს, ეს კი, თავის მხრივ, შეიცავს რისკს, რომ მმართველი პარტია ერთპიროვნულად შეძლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას.

 

 ვენეციის კომისია და საქართველო 

სტრასბურგი, საფრანგეთი 25 ივნისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge