Back სამუშაო შეხვედრა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ხელს უწყობს კოორდინაციას და რეფორმებს

სამუშაო შეხვედრა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ხელს უწყობს კოორდინაციას და რეფორმებს

სექსუალური ძალადობის დანაშაულის საქმეებზე მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად ერთობლივი ძალისხმევით, 16 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები სამართალდამცავი ორგანოებიდან და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოდან. შეხვედრის უპირველესი მიზანი იყო მართლმსაჯულების ჯაჭვის პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ძირითადი მიმართულებები მოიცავდა სექსუალური ძალადობის დანაშაულების კვალიფიკაციას, მტკიცებულების სტანდარტებს და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებს.

ეს ინიციატივა ხელს უწყობს საქართველოს შესახებ GREVIO-ს საბაზისო ანგარიშის იმპლემენტაციას, რომელიც  2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ანგარიშში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი წუხილი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში გაუპატიურების საქმეებში საჭირო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. GREVIO-მ, ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის მონიტორინგის ორგანომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გამოავლინონ და გამოასწორონ საკანონმდებლო და პროცედურული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალი სტანდარტის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დროს მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების პრინციპისთვის პრიორიტეტის მინიჭებით.  

სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთნენ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა კოორდინაციის შესაძლებლობებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებას სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე არსებული გამოწვევების დასაძლევად. მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ყურადღება გაამახვილა სექსუალური ძალადობის დანაშაულების განხილვისას საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის სტამბოლის კონვენციაში, საქართველოს შესახებ GREVIO-ს საბაზისო ანგარიშში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არსებულ სტანდარტებზე.  შეხვედრის დამსწრეებმა განიხილეს ამ სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვის პრაქტიკული გზები.

„გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებსა და მტკიცებულებათა სტანდარტზე სტამბოლის კონვენციის შესაბამის, ერთიანი, სწორი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას", განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ლონდა ბიჭიკაშვილმა.

ქ-ნმა მარინა კვაჭაძემ, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა, დადებითად შეაფასა შეხვედრა და მისი შედეგზე ორიენტირებული ხასიათი, ასევე სხვადასხვა უწყების, მათ შორის პროკურორების, გამომძიებლებისა და მოსამართლეების სხვადასხვა დონის მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში და შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს გენდერული თანასწორობის საერთო პროექტის  მხარდაჭერით.

16 სექტემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge