Back სამუშაო შეხვედრა - ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის ანგარიშგების პროცედურის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა - ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის ანგარიშგების პროცედურის ფარგლებში

ევროპის საბჭოს სოციალური ქარტიის რატიფიკაცია საქართველოს მისი შესრულების შესახებ ანგარიშგებას ავალდებულებს.   სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშგების პარალელურად, მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულების მონიტორინგის მექანიზმებს, რაც სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით და ალტერნატიული ანგარიშების წარმოებით არის შესაძლებელი. 27-28 აპრილს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩატარებული შეხვედრა ქარტიის ანგარიშგების პროცედურის  და ალტერნატიული ანგარიშების მექანიზმის გაცნობას დაეთმო.

ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ემსახურებდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებას ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში მოქმედი მონიტორინგის მექანიზმების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა განიხილეს ევროპის სოციალური ქარტიით გათვალისწინებული ანგარიშგების პროცედურა და სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის დასკვნები.  საქართველოს სახალხო დამცველის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტისთვის ალტერნატიული ანგარიშების მომზადების შესახებ.   აღსანიშნავია რომ გასულ წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქარტიის პირობების შესრულების შესახებ   პირველად წარადგინა ალტერნატიული ანგარიში კომიტეტისთვის, რასაც წინ უძღვოდა    ევროპის საბჭოს „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველში“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრა.

პრაქტიკული სწავლების დროს მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული და ალტერნატიული ანგარიშები და განსაზღვრეს საკითხები, რაც სამომავლოდ   ალტერნატიულ ანგარიშში უნდა აისახოს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, ალტერნატიული ანგარიშის სახით მომდევნო საანგარიშო პერიოდში სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს დამატებითი კომენტარები წარუდგინონ.

სახელმწიფოს ანგარიშებთან ერთად მიღებულ ალტერნატიული შეფასება სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს  საქართველოსთვის მეტად პრაქტიკული და ყოვლისმომცველი რეკომენდაციების შემუშავებაში დაეხმარება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

28 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page