29 და 30 მაისს, ევროპის საბჭოს პოექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და რელევანტური სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლებისათვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადების პროცედურული საკითხების გაზიარებას. წელს სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა ე.წ. ad hoc ანგარიში მოითხოვა ცხოვრების ხარჯების კრიზისთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამუშაო შეხვედრა ევროპული სოციალური ქარტიის ფარგლებში ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშგების პროცედურული ასპექტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო. ასევე დეტალურად იქნა განხილული ცხოვრების ხარჯების თავისებურებები.
ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს კონვენციაა, რომელიც განამტკიცებს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, ხოლო მისი შესრულების თაობაზე ანგარიშგების პროცედურა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქარტიასთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის, რომელსაც სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ახორციელებს.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ადგილობრივმა კონსულტანტმა, მიმოიხილა ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში ანგარიშების მომზადების პროცედურა. შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა საერთაშორისო კონსულტანტის მიერ წარმოდგენილი ანალიზი. მან მონაწილეებს დეტალურად გაუზიარა ცხოვრების ხარჯების კრიზისთან დაკავშირებით მოთხოვნილი საკითხები, მათი სპეციფიკა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიების საუკეთესო პრაქტიკები.
დისკუსიის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი აქტივობების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ეფექტიანი და ყოვლისმომცველი ალტერნატიული ანგარიშების მომზადებას. მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ასევე განიხილეს აპარატის საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.