კონგრესი
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 612 წარმომადგენელს აერთიანებს 46 ევროპული ქვეყნიდან.
კონგრესის დანიშნულებაა დემოკრატიის მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერება. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ქარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დადგენილი პრინციპების შესრულება. ის ხელს უწყობს დელეგირებისა და რეგიონალიზაციის პროცესებს და ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობას.
მეთვალყურის როლი
კონგრესი რეგულარულად ახორციელებს მონიტორინგის ვიზიტებს, რათა შეაფასოს, რამდენად სრულდება საბჭოს წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მოთხოვნები. ამ ვიზიტების შედეგად შემუშავებული მოსაზრებები მონიტორინგის ანგარიშებში აისახება. ანგარიშების საფუძველზე კი კონგრესი გასცემს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ქვეყნებისთვის. ის შეიმუშავებს ასევე რეზოლუციებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.
კონგრესის მეთვალყურის როლი წევრი ქვეყნების მთავრობებთან კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის საფუძველია. კონგრესი ხელს უწყობს მათ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბი და შესაბამისი ხელისუფლებები სრულად ჩართონ თავიანთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. კონგრესი უზრუნველყოფს ასევე სუბსიდიარობის პრინციპის დაცვას, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობათა და ფინანსური რესურსების გადანაწილებას ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებზე. კონგრესის მიერ შემუშავებული დასკვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა.
არჩევნებზე დაკვირვება
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი 1990 წლიდან არის ჩართული ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში.
კონგრესმა დღემდე თითქმის 100 სადამკვირვებლო მისია განახორციელა. ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვება მისი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს მიმართულება კონგრესის ძირითადი საქმიანობის - ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპული ქარტიის შესრულების პოლიტიკური მონიტორინგის - ნაწილია, რაც ევროპაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
კონგრესის მუშაობის შედეგები: კონვენციები და ქარტიები
დაფუძნებიდან დღემდე კონგრესმა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება შეიმუშავა, მათ შორის - „ევროპის ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. ეს დოკუმენტი საერთაშორისო ნიშნულად იქცა ამ სფეროში, რადგან სწორედ ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა ერთიანი ევროპული სტანდარტები ადგილობრივი მთავრობების უფლებათა დასაცავად.
პარტნიორი ქსელები და ასოციაციები
კონგრესი აქტიურ როლს ასრულებს პროექტებში, რომელთა მიზანია ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერა და რეგიონული თუ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის მასშტაბით. ის ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებსა და დემოკრატიულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობას და ახალი ტიპის ევროპული რეგიონის ჩამოყალიბებას.
როგორაა ორგანიზებული კონგრესის საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესი?
სადამკვირვებლო მისიების ჩამოყალიბება ხდება შესაბამისი ეროვნული ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე (მაგ. სამინისტრო ან ცენტრალური საარჩევნო კომისია). ქვეყნისაგან ასეთი მოთხოვნის მიღების შემდეგ, კონგრესი აკომპლექტებს დელეგაციას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების პროცესზე დაკვირვებაზე. დელეგაციის შემადგენლობაში, როგორც წესი, 10-დან 15 წევრამდეა (ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის ტერიტორიული წამომადგენლები).
არჩევნებამდე იმართება შეხვედრები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს დემოკრატიის ხარისხის შესასწავლად. ამ შეხვედრებში მონაწილეობენ სამთავრობო სტრუქტურები, ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლები, საჯარო ადმინისტრაციის (საარჩევნო კომისიების) წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები (მთავრობა და ოპოზიცია), მედია საშუალებები, დიპლომატიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება.
კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილების მიღებამდე წინასაარჩევნო დელეგაციას (რომლის შემადგენლობაშია ორიდან ხუთ წევრამდე) საშუალება აქვს, სიღრმისეულად შეისწავლოს ზოგადი პოლიტიკური გარემო, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩო ქვეყანაში.
ვინ არიან კონგრესის დამკვირვებლები?
დელეგაციების პოლიტიკური შემადგენლობა კონგრესში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფების პროპორციულია. კონგრესი ზრუნავს იმაზეც, რომ სათანადოდ იყონ წარმოდგენილი არარეგისტრირებული წევრებიც.
EPP/CD = 28% SOC = 26% ILDG = 14%
კონგრესის შემადგენლობაში ასევე მნიშნველოვანია გენდერული ბალანსი (კონგრესის ქარტიის თანახმად, წარმომადგენელთა მინიმუმ ერთი მესამედი უნდა იყოს ქალი). და ბოლოს, კონგრესი უზრუნველყოფს დაბალანსებულ შემადგენლობას თავის ორივე პალატაში წარმოდგენილი ქვეყნების თვალსაზრისითაც: ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყანა სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი კონგრესში.
ევროკავშირის რეგიონების კომიტეტი ხშირად ასოცირდება კონგრესის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან, რადგან ევროკავშირთან თანამშრომლობა მისი საქმიანობის არსებითი ნაწილია.
დასკვნები
თითოეული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ამოწურვისას კონგრესის დელეგაცია აქვეყნებს წინასწარ განცხადებას, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების დასასრულს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განსაჯაროვდება. საბოლოო ანგარიშს კონგრესი მოგვიანებით ადგენს. ამ ანგარიშის შედგენა კონკრეტულ პირს- კონგრესის იმ წევრს ევალება, რომელსაც თავიდანვე აქვს დაკისრებული ეს მოვალეობა
საბოლოო ანგარიში ეხება არა მხოლოდ არჩევნების დღეს - ანუ უშუალოდ ხმის მიცემისა და დათვლისას დაფიქსირებულ პროცედურებსა და ფაქტებს, არამედ ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დაცვის საკითხებს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ქვეყანაში არსებულ ატმოსფეროს და ნებისმიერ სიმპტომს, რომელიც დემოკრატიის წინსვლაზე ან პირიქით, მის სიმყიფეზე მიანიშნებს.
ეს ანგარიში კონგრესის ბიუროს ეგზავნება. კონგრესი პლენარულ სესიაზე განიხილავს და ამტკიცებს ანგარიშს. რეკომენდაციის (ეროვნული ხელისუფლებისადმი) და რეზოლუციის (ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისადმი) შემუშავება სადამკვირვებლო საქმიანობის დასასრულის აღმნიშვნელია. ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი 1990 წლიდან არის ჩართული ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში.
კონგრესმა დღემდე თითქმის 100 სადამკვირვებლო მისია განახორციელა. ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვება მისი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს მიმართულება კონგრესის ძირითადი საქმიანობის - „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის“ შესრულების პოლიტიკური მონიტორინგის ნაწილია, რაც ევროპაში ადგილობრივი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
1957: ადგილობრივ ხელისუფალთა პირველი კონფერენცია
1985: ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპული ქარტია
1994: ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა მუდმივი კონფერენცია გადაიქცა ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესად (CLRAE)
2007: კონგრესის ახალი ქარტიის მიღება
2011: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო კონგრესის ახალი ქარტია
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და საქართველო
საქართველო კონგრესზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან.