ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ფსიქიკური პრობლემების მქონე თავისუფლებააღკვეთილ პირთა ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი 2018 წლის იანვარში დაიწყო და 18 თვეს - 2019 წლის ივლისამდე გაგრძელდება. ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება, რაც სისტემურ მიდგომას, განახლებულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობათა გაძლიერებას დაეფუძნება, იქნება გზა დასახული მიზნისაკენ.    

პროექტის მიზნების მისაღწევად აქტივობათა ფართო სპექტრია გათვალისწინებული, რაც საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მკურნალობისას ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ემსახურება. პროექტი ასევე მოიცავს სხვადასხვა ტიპის დახურულ დაწესებულებაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა იდენტიფიკაციისა და მართვის, კრიზისულ ვითარებებში ინტერვენციის საკითხებს, ასევე მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს და მათში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.

პროექტი განხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან პარტნიორობით, ასევე სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. 

პროგრამის სიახლენი

Back პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატრიული ექთნებისთვის

პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატრიული ექთნებისთვის

ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დახმარებას, ფსიქიატრიული ექთნების გადამზადების კუთხით, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.

 

ევროპის ბევრ ქვეყანაში ფსიქიატრიული  ექთნები, როგორც კლინიცისტები, შემთხვევის მმართველი ექიმები, კლინიკური თუ პრაქტიკოსი ექთნები ცენტრალურ როლს ასრულებენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ფსიქიატრიული ექთნის, როგორც მულტიდისციპლინური გუნდის წევრის, როლი არსებითია ფსიქიკური დაავადების მართვაში. სწორედ ამიტომ გადაწყდა სპეციალური პროგრამის შექმნა საქართველოს ფსიქიატრიული ექთნებისთვისაც. ტრენინგის პროგრამა, რომელიც 2017 წელს ევროპის საბჭოს ექპერტებმა შეიმუშავეს, 12 მოდულისგან შედგება და მიზნად ისახავს ექთნებისთვის საბაზისო თეორიული ცოდნის მიწოდებას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო.

კასკადური ტრენინგების პირველი ფაზა 19-24 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. 6 დღის განმავლობაში და ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადებულმა 6 ექთანმა-ტრენერმა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა საქართველოს პენიტენციურ დაწსებულებებში მომუშავე 15 სხვა ექთანს. კასკადური ტრენინგები გაგრძელდება დეკემბრის თვეში და კიდევ 30 ფსიქიატრიული ექთანი აღიჭურვება სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება საქართველოში - ფარგლებში, რომელიც ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთის, შვედეთისა და ლიტვის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება და რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
ძირითადი აქტივობები

პენიტენციური სისტემის ფსიქიკური ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავების მხარდაჭერა. ციხეში კრიზისული ინტერვენციის/მართვის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერა, კრიზისული ინტერვენციის დანაყოფების შექმნა, მულტიდისციპლინური მიდგომის მხარდაჭერა, ასევე პერსონალის უნარებისა, პროფესიონალიზმის ამაღლება შემდეგი გზით:

  • ფსიქიატრიის დარგში მომუშავე ექთნების პროფესიული განვითარების კურსის ინსტიტუციონალიზაცია და უფრო მეტი ექთნების მოცვა; 
  • ციხის თანამშრომელთა უნარების გაუმჯობესება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა მართვის სფეროში; ციხის ჯანდაცვის მუშაკთა უნარების  გაუმჯობესება ფსიქიკური აშლილობების გამოვლენისა და მართვის სფეროში; 
  •  ნივთიერებებზე დამოკიდებული პატიმრებისთვის არსებული ფსიქო-სოციალური პროგრამის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით პერსონალის უნარების  შემდგომი განვითარება. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგის ინსტრუმენტების დანერგვისა და სათანადო გამოყენების მხარდაჭერა. ფსიქიკური ჯანდაცვის  მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია. ჯანდაცვის სისტემაში (ფსიქიკური ჯანდაცვის ჩათვლით) ხარისხის კონტროლის შემოღების სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერა. ფსიქიკურ ჯანდაცვასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების და დამუშავების გაუმჯობესება.  

მეთოდოლოგია

პროექტის განსახორციელებლად, ევროპის საბჭო გამოიყენებს აქტივობების ფართო სპექტრს, რაც  მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სამართლებრივი  ჩარჩოს შეფასება; ექსპერტების მიერ გადასინჯვა;  ტექნიკური დოკუმენტების მომზადება; სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების შემუშავება;  ტრენინგების ჩატარება, კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება, ციხის პერსონალის ყველა კატეგორიისთვის, მათ შორის ციხის უფროსი მენეჯერებისთვის,  სწავლების სხვა შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ასევე ადგილზე კონსულტაციების მიწოდება და ხელმძღვანელობა,  რეკომენდებული აქტივობების განხორციელების მონიტორინგი და რჩევების მიწოდება. 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტის იმპლემენტაციას ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან ერთად ახორციელებს ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება, რომელიც არის ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორატთან არსებული, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ნაწილი.

პროექტის უფროსი ოფიცერი
ეთერი ყამარაული

პროექტის თანაშემწე
ნინო ლაფაჩი