2019 წლის 19 ოქტომბერს კაჭრეთში, ევროპის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შესაძლებლობების განვითარების მიზნით გამართა სამუშაო შეხვედრა.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კომისიის წევრი-სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლების ცოდნის გაღრმავება მონაცემთა შეგროვების კუთხით სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებსა და კონვენციის მონიტორინგის მექანიზმზე.
კომისიის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ GREVIO-ს საბაზისო შეფასების ეტაპებს და GREVIO-ს კითხვარის მიხედვით მონაცემთა შეგროვების საკითხებს. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ ქვეყნების გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ, რომლებმაც უკვე გაიარეს GREVIO-ს მონიტორინგი.
იუსტიციის სამინისტროს, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე უწყების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამუშაო შეხვედრის საჭიროებასა და დროულობას, რადგან საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესი 2020 წელს დაიწყება. უწყებათაშორისი კომისია, როგორც სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით შექმნილი მაკოორდინირებელი ორგანო, პასუხისმგებელი იქნება GREVIO-სთვის წარსადგენი ანგარიშის მომზადების პროცესის დაგეგმვასა და კოორდინაციაზე.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ‘ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძლა და პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში.