Back სამოქალაქო განათლების სკოლის მასწავლებლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მეტად ჩართულობის წახალისების ახალ მიდგომებზე

სამოქალაქო განათლების სკოლის მასწავლებლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მეტად ჩართულობის წახალისების ახალ მიდგომებზე

2023 წლის 29-30 ივნისს, ბათუმში, ევროპის საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით, გამართა სამუშაო შეხვედრა რეგიონის სკოლის მასწავლებლებისათვის თემაზე „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი გახლდათ სკოლის მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი  პრაქტიკის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სამართლებრივ და პოლიტიკის ინსტრუმენტებზე.  შეხვედრის თანმდევი საკითხი გახლდათ მონაწილეებისათვის საარჩევნო პრაქტიკის სიახლეების გაცნობა, მათ შორის - ახალი ციფრული საშუალებებისა, რომლებიც გამოყენებული იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პირველად - მთელი ქვეყნის  მასშტაბით.  

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, შტეფან სიბრუმ,   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა სამუშაო შეხვედრის  მონაწილეებს მიმართეს მისასალმებელი სიტყვით.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს სამოქალაქო განათლების მასწავლებლების მნიშვნელოვან როლს არჩევნებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში, მათ შორის, ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობისა და საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის გაცნობის გზით. 

მონაწილეებმა სხვა თემებთან ერთად განიხილეს: მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა და მათი აღსრულების საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები, სიძულვილის ენის გამოყენებისაგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, არჩევნებში გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები - გამოწვევები და შესაძლებლობები ამომრჩევლებისათვის, საარჩევნო უბნების თანამშრობლობისა და დამკვირვებლებისთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტები, თუ როგორ უნდა მოხდეს არჩევნებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის წახალისება.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page