Back თბილისში იკრიბებიან ადვოკატები ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად

თბილისში, 2014 წლის 7 ნოემბერს 50-ზე მეტმა ლიცენზირებულმა ადვოკატმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარში ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შესახებ.

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს ხელშეკრულებაა, რომელსაც ხელი 1961 წელს მოეწერა, 1996 წელს კი მასში შესწორებები შევიდა. ქარტიაში დაცულია არსებითი ყოველდღიური უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორებიცაა: საცხოვრებლის უფლება, ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების უფლებები, სამართლებრივი და სოციალური დაცვის უფლება, ინდივიდთა გადაადგილების თავისუფლება, დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დაიცვან ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს ორი ტიპის პროცედურა აქვს: ეროვნული ანგარიშები და კოლექტიური საჩივრები. ოქმი ხელმოწერებისთვის გაიხსნა 1995 წელს და ძალაში შევიდა 1998 წლიდან, რითაც ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ კავშირებს, დამქირავებელთა ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ - კომიტეტს წარუდგინონ თავიანთი საჩივრები ქარტიის დარღვევის შესახებ.

საქართველომ ევროპის სოციალურ ქარტიას ხელი 2000 წელს მოაწერა, მისი რატიფიცირება კი 2005 წელს მოახდინა - ხელშეკრულება ძალაში იმავე წელს შევიდა.

თბილისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეებმა იმსჯელეს წევრ სახელმწიფოთა მიერ ევროპის სოციალური ქარტიის შესრულებაზე მონიტორინგის მექანიზმზე  და საქართველოს სამართლებრივ ვალდებულებებზე სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის წინაშე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკრიმინაციის აკრძალვასა და ევროპის სოციალური ქარტიით გათვალისწინებულ კოლექტიური საჩივრების მექანიზმების განხილვას. ადვოკატებმა, არასამთავრობო და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს - კლიენტთა და წევრთა სოციალური უფლებების დაცვის კუთხით.

სემინარი წარმართეს ექსპერტებმა სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტიდან და ევროპის საბჭოს სამდივნოდან. მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმაც. საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ტურინში, 2014 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა მაღალი რანგის კონფერენციამ სოციალურ ქარტიას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა - მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ უნიკალური სამართლებრივი ინსტრუმენტის მნიშვნელობას ყველა ევროპელის ძირითადი სოციალური უფლებების დაცვის საქმეში. ეს იყო პასუხი სოციალური სამართლიანობის მზარდ მოთხოვნაზე - განაცხადა ალესანდრო სავარისმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის რეგიონალური პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თინათინ უფლისაშვილს, ელ. ფოსტაზე Tinatin.uplisashvili@coe.int ან დარეკეთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში, ნომერზე - 2 913870.

ინფორმაცია საქართველოს მიერ სოციალური ქარტიის გამოყენებაზე იხ. ვებ-გვერდზე: https://www.coe.int/t/dghl/monitoring/socialcharter/CountryFactsheets/Georgia_en.pdf

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page