ევროპის საბჭოს ინიციატივით, 12 ივნისს, ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხზე, მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა. დისკუსია დაეყრდნო კვლევის „ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“ შედეგებს. აღნიშნული კვლევა მოამზადა ევროპის საბჭომ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თხოვნის საფუძველზე.
დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, რომელიც ასახულია მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში CM/Rec(2016)4 და მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დევნის შემთხვევათა გამოძიება, უსაფრთხოება დემონსტრაციების დროს და სამართალდამცავი ორგანოებისა და მედიაორგანიზაციების შესაძლებლობები.
„მედიას და ჟურნალისტებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მონიტორების ფუნქცია აქვთ და დემოკრატიის საყრდენს წარმოადგენენ. თუმცა, ეს ფუნქცია მათ სააქმიანობას გარკვეულ რისკებს უქმნის. ამგვარ რისკებს მეტად და მეტად ვხედავთ ევროპაში და მის მიღმა. ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობისა და მუქარის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა ბოლო წლებში. თავისუფალი სიტყვის მტრების ერთ-ერთი ინსტრუმენტია დაშინება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მექანიზმები მათ დასაცავად და შეუფერხებელი საქმიანობისთვის.“- აღნიშნა სტეფან სირბუმ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, შეხვედრის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში.
კვლევა, ევროპის საბჭოს ექსპერტმა პიტერ ნურლანდერმა წარადგინა, რომელიც მედიას დემოკრატიის მთავარ კომპონენტად მიიჩნევს: „მედია დემოკრატიის ძირითადი კომპონენტია. თავდასხმა მედიაზე ნიშნავს შეტევას დემოკრატიაზე და არა რომელიმე ინდივიდზე. შესაბამისად, ეს აისახება დემოკრატიის ხარისხსა და საზოგადოებაზე, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ.“
ღონისძიების გახსნით პანელში, მედიის დაცვის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს შერაზ გასრიმ, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და რიინა კალიურანდმა, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში.
შეხვედრაზე, სამთავრობო უწყებების, უმთავრესად, სამართალდამცავი ორგანოების, მედიის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, ევროპის საბჭოს ექსპერტთან ერთად, განიხილეს კვლევის შედეგები და საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები კვლევაში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. თანამშრომლობის პროგრამებსა და ტექნიკური დახმარების ღონისძიებებს გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის სფეროში, უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი, კერძოდ, საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტი.