საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა მრგვალი მაგიდის დისკუსია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტში, საჯარო და კერძო სექტორებს შორის ზემოთაღნიშნული საკითხის გარშემო დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კომუნიკაციების კომისიისა (მედიის მარეგულირებელ ორგანო) და სხვა საჯარო უწყებების ოცდაათამდე წარმომადგენელმა.
ევროპის საბჭოს ექსპერტმა წარმოადგინა კვლევითი ნაშრომი, ე.წ. “Options Paper”, რომელიც, ევროპულ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მედიის პროფესიული რეგულირების რამდენიმე მოდელს განიხილავს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც, უმთავრესად, საქართველოში მედიის პროფესიული რეგულირების პერსპექტივებს შეეხო. მოცემული საკითხი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების დამტკიცების პროცესში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
მრგვალმა მაგიდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საკანონმდებლო პროცესის ინკლუზიურობას. ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, საკუთარი შეხედულების გაზიარების საშუალება მიეცა. ამასთანავე, კანონპროექტის კონკრეტული ასპექტების განსახილველად, დამატებითი შეხვედრების ჩატარების შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
აქტივობა განხორციელდა „საქართველოში მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ არის დაფინანსებული.