17-მა პოლიციის ოფიცერმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა მიიღო სერტიფიკატი HELP-ის დისტანციური სწავლების კურსის დასრულებასთან დაკავშირებით თემაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის.
"ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებთან, რის შედეგადაც დაგვიგროვდა პრაქტიკული ცოდნა. თუმცა, მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები, რომლებსაც კურსის განმავლობაში გავეცანით. ჩვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ონლაინ ფორმატმა საშუალება მოგვცა აქტიურად ჩავრთულიყავით ტრენინგის პროცესში“, - საპატრულო პოლიციის უფროსი გამომძიებელი გიორგი კაციტაძე.
HELP-ის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის 3 თვიანი კურსის ორგანიზება ევროპის საბჭოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი ძალისხმევით განხორციელდა. კურსის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა იმ ძირითადი ცნებების, საერთაშორისო და ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას, მათ შორისაა ასევე ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციაც.
მონაწილეებმა გამოხატეს კურსის მიმართ კმაყოფილება: „კურსის ფარგლებში ვრცლად იყო საუბარი სტამბოლის კონვენციის ძირითად პრინციპებსა და დებულებებზე, გენდერულად მგრძნობიარე და მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებსა და სხვა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირების განხორციელებაში დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ცოდნის გაუმჯობესებას HELP-ის სასწავლო პლატფორმის გამოყენებით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ.“ დავით ხურციძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინსპექტორი.
კურსი ჩატარდა ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით.