Back თბილისში პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართება

თბილისში პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართება

2023 წლის 29 ივნისს, ხუთშაბათს, 09.30 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (საკონფერენცია დარბაზი) ევროპის საბჭო,  საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან თანამშრომლობით, საქართველოში პირველ ანტიSLAPP კონფერენციასა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების გარშემო დისკუსიას უმასპინძლებს.

ღონისძიებას გახსნიან  სტეფან სირბუ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი და თამარ გვარამაძე, საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) ფართოდ არის აღიარებული, როგორც  გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეული საფრთხეებს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 2021-2023 წლებში, SLAPP-ის ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც. ამ ეტაპზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში ცილისწამების არანაკლებ 38 საქმე განიხილება. აღნიშნულ სარჩელებს მსგავსი მახასიათებლები აქვთ და სისტემურ ხასიათს ატარებენ.

პირველი ანტიSLAPP კონფერენცია საქართველოში მიზნად ისახავს SLAPP-ის სფეროში მთელს მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ტენდენციების მიმოხილვას. კონფერენციის ფარგლებში SLAPP-თან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, ექსპერტები აშშ-დან, ევროპიდან და საქართველოდან, ასევე მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების სისტემის, ადვოკატთა ასოციაციის და სხვა წარმომადგენლები. კონფერენცია, მოცემული პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გადაჭრის გზების მოძიების პირველი მცდელობაა საქართველოში. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ანტიSLAPP პლატფორმის ჩამოყალიბება.

ონლაინ ფორმატში დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: Council of Europe Invitation / ევროპის საბჭოს მოსაწვევი - Google Forms

კონფერენცია იმართება ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია SLAPP-ის წინააღმდეგ ევროპაში (CASE), ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF) და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

საკონტაქტო პირი:

ანა (ანუკა) ტოკლიკიშვილი, კომუნიკაციების ოფიცერი, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ელ-ფოსტა: ann.toklikishvili@coe.int  | მობ.: +995 595 221 999.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
რა არის პროექტის მიზანი?

მედიის, ინტერნეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარემოს გაუმჯობესება საქართველოში, ერთი მხრივ, კანონმდებლობისა და პოლიტიკის დახვეწით, მეორე მხრივ  შესაბამისი ორგანიზაციების ქმედუნარიანობის გაძლიერებით.

როგორ იმუშავებს პროექტი?

პროექტის ფოკუსი იქნება:

  • ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული და ეთიკური წესების დაცვა;
  • მედიის რეგულირებისა და თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერება;
  • ინტერნეტ მმართველობის სფეროში ჩართულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლება;
  • შესაბამისი უწყებების გაძლიერება ჟურნალისტების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • ინკლუზიური და ინფორმირებული საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობა აუდიოვიზუალური მომსახურებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროებში;
  • ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მხარდაჭერა.
პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის ხანგრძლივობაა 1 თებერვალი 2021 – 31 დეკემბერი 2023.

როგორ ფინანსდება პროექტი?

პროექტის ბიუჯეტია 481 000 ევრო.

პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოში 2020-2023 ფარგლებში. სამოქმედო გეგმის დონორები არიან ევროკავშირი, ადამიანის უფლებათა ნდობის ფონდი* (Human Rights Trust Fund), ავსტრია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდი (Fund to End Violence Against Children (EVAC))

*ადამიანის უფლებათა ნდობის ფონდი აერთიანებს 7 დონორს - ფინეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.

პროექტის პარტნიორები

კომუნიკაციების კომისია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

იუსტიციის სამინისტრო

სახალხო დამცველი

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს მედიის თავისუფლებისთვის თანამშრომლობის სამმართველო, ინფორმაციული საზოგადოების დეპარტამენტი.

პროექტის უფროსი ოფიცერი

თამარ კობახიძე