1930

ე. წ. "ბრიანის გეგმა", რომელიც 1930 წელს იქნა შემუშავებული, პირველი მიდგომის მაგალითს წარმოადგენს. საფრანგეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული წინადადებები, მართალია, გადმოცემულ იქნა მემორანდუმში სახელწოდებით "ევროპის ფედერაციული კავშირის სისტემის ორგანიზების შესახებ",–ფაქტობრივად, მოითხოვდა ერთა ლიგის ევროპული სექციის დაარსებას, რომელიც უფრო მეტად შეკავშირებული იქნებოდა. მეორე მიმდინარეობის თვალსაჩინო მაგალითად კი გამოდგება გრაფ რიჩარდ კუდენჰოვ-კალერგის მიერ გამოვლენილი ძალისხმევა.
 

1946

მე-2 მსოფლიო ომის მიმდინარეობისას და მის შემდგომ, ევროპულმა იდეამ მნიშვნელოვნად მოიკრიბა ძალაც და მომხრეთა რაოდენობაც, ასევე გაიზარდა მათი ავტორიტეტიც. ომის დროს უინსტონ ჩერჩილმა ორჯერ საჯაროდ გამოთქვა რწმენა, რომ ევროპა, ძალადობის შეწყვეტის შემდგომ, უნდა გაერთიანებულიყო. ერთ-ერთ შემთხვევაში მან კიდეც იხმარა სიტყვათა წყობა - "ევროპის საბჭო". 1946 წლის 19 სექტემბერს, ციურიხის ცნობილ გამოსვლაში, ჩერჩილმა საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდა, საბოლოოდ მიეტოვებინათ შუღლი და მეგობრული ალიანსის მეოხებით, შეექმნათ ბირთვი "ევროპის შეერთებული შტატების მსგავსი კავშირისათვის". მოგვიანებით ის წერდა:" ევროპისადმი ჩემი რჩევა შეიძლება გამოიხატოს ერთი სიტყვით:გაერთიანდით".

1947

მის სიტყვებს მოჰყვა ენთუზიაზმით აღსავსე, ფართო გამოხმაურება. ომის დასრულებისთანავე გაჩნდა კერძო მოძრაობები თუ ორგანიზაციები, რომელთაც ამოძრავებდათ გაერთიანებული ევროპის დაფინანსებისა და წახალისების სურვილი, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დიდ დაინტერესებას იწვევდა კიდეც. 1947 წელს, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ ერთიანი მოძრაობა, რომელსაც მომავალში "ევროპულ მოძრაობად" მოიხსენიებდნენ, რათა მათი საქმიანობა უფრო მეტად კოორდინირებული და ეფექტიანი ყოფილიყო. შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1948 წლის მაისში, როდესაც მოწვეულ იქნა ჰააგის კონგრესი, სადაც უნდა ემსჯელათ და წარმოედგინათ წინადადებები დემოკრატიული ევროპის წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის შესახებ. კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის 800-მდე მინისტრი, სახელმწიფოთა პარლამენტებისა და პროფკავშირების წევრები, ხელოვანები, ჟურნალისტები, ეკონომისტები და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები, მიემხრო ევროპული ასამბლეის შექმნისა და სხვადასხვა მექანიზმების შემუშავების იდეას, რათა სხვადასხვა ევროპული სტრატეგიები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში, ერთმანეთთან თანხმობაში მოქცეულიყო. ყოველივე ეს კი უნდა დაფუძნებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო აღიარებას.

1948

იმავდროულად, ევროპული ორგანიზაციის დაფუძნების იდეას მიემხრო ბრიუსელის ხელშეკრულების ხუთივე მონაწილე წევრი სახელმწიფო, რომელთაც ჰააგის კონგრესზე მიღებული რეზოლუციები წარმოუდგინა ბელგიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა პოლ ანრი სპააკმა. მთავრობებს შორის რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდგომ, რომლებზეც განიხილავდნენ, უნდა ყოფილიყო ეს ორგანიზაცია წმინდა სამთავრობათაშორისო ბუნებისა, თუ უნდა გაეზიარებინათ "ევროპული მოძრაობის" იდეები, კონფერენციამ ელჩების დონეზე შეიმუშავა გეგმა ახალი ტიპის ევროპული ორგანიზაციის დასაფუძნებლად, რომლის ფარგლებში, ტრადიციული, მინისტრებით წარმოდგენილი ორგანოს პარტნიორი იქნებოდა საპარლამენტო ასამბლეა.

1949

1949 წლის 5 მაისს, ლონდონში, ბრიუსელის ხელშეკრულების მონაწილე ხუთმა სახელმწიფომ (ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო) და დანიის, ირლანდიის, იტალიის, ნორვეგიისა და შვედეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ამ ახალი ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს წესდებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის პირველი სხდომა შედგა 1949 წლის 10 აგვისტოს, შეიძლება მიჩნეულ იქნეს უძველეს საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეად, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტების დემოკრატიულად არჩეულ წევრთა პლურალისტური შემადგენლობით და შექმნილია სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. ასამბლეა ორიდან ერთ-ერთი საწესდებო ორგანოა ამ ორგანიზაციისა, რომელიც შედგება მინისტრთა კომიტეტისგან (საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც შეხვედრებს მართავენ, ჩვეულებრივ, თავიანთ მოადგილეთა დონეზე) და საპარლამენტო ასამბლეისგან, რომელიც წარმოადგენს მის წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკურ ძალებს.

1950-2013

ევროპის საბჭოს საწესდებო მიზანი, რომელიც დაარსდა ათი წევრი სახელმწიფოს მიერ და ამჟამად 47 წევრს ითვლის, არის მის წევრ სახელმწიფოებს შორის მყარი ერთობის მიღწევა საერთო ქმედების, შეთანხმებებისა და დებატების გზით. წევრობის წინაპირობებია პლურალისტური დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ორგანიზაციაში მიიღებიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს. შესაბამისად, ზოგიერთმა სახელმწიფომ გაწევრიანება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე მოახერხა, მაგალითად, პორტუგალიამ 1976 წელს, ხოლო ესპანეთმა 1977 წელს. საბერძნეთი კი იძულებული გახდა, 1970 წელს ოთხი წლით დაეტოვა ევროპის საბჭო.

ისრაელის კნესეტი საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში დამკვირვებლის სახით მონაწილეობს 1957 წლიდან, კანადის პარლამენტი 1997 წლის მაისიდან, მექსიკის პარლამენტი კი 1999 წლის ნოემბრიდან.

აშშ-ს ევროპის საბჭოში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა 1996 წლის 10 იანვარს, კანადას 29 მაისს, იაპონიას 21 ნოემბერს, მექსიკას კი 1999 წლის 7 დეკემბერს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიზების პროცესმა შედეგად მოიტანა უნგრეთის გაწევრიანება 1990 წელს, პოლონეთისა 1991 წელს, ბულგარეთისა 1992 წელს, ესტონეთის, ლიტვის, სლოვენიისა და რუმინეთის კი 1993 წელს. ჩეხეთის რესპუბლიკისა და და სლოვაკეთის რესპუბლიკის გაწევრიანება 1993 წელს ჩაენაცვლა ჩეხოსლოვაკიის 1991 წელს გაწევრიანებას. ლატვია ევროპის საბჭოს მიუერთდა 1995 წლის 10 თებერვალს, მოლდოვა და ალბანეთი ამავე წლის 13 ივლისს, უკრაინა და "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია" 9 ნოემბერს. რუსეთის ფედერაცია ორგანიზაციის წევრი გახდა 1996 წლის 28 თებერვალს, ხორვატია კი 6 ნოემბერს, საქართველო 1999 წლის 27 აპრილს, სომხეთი და აზერბაიჯანი 2001 წლის 25 იანვარს, ბოსნია და ჰერცეგოვინა 2002 წლის 24 აპრილს, სერბეთი და მონტენეგრო კი 2003 წლის 3 აპრილს. 2006 წლის 3 ივნისს მონტენეგროს რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად და სერბეთისა და მონტენეგროს სახელმწიფო კავშირის საკონსტიტუციო ქარტიის მე-60 მუხლის თანახმად, სერბეთის რესპუბლიკა აგრძელებს სახელმწიფო კავშირის წევრობას ევროპის საბჭოს ფარგლებში. პარასკევს, 2007 წლის 11 მაისს, მონტენეგროს რესპუბლიკა გახდა ევროპის საბჭოს 47-ე წევრი სახელმწიფო.