დამატებითი ინფორმაცია
გაიგეთ მეტი პორტფოლიოს და ახალგაზრდული საქმიანობის აღიარების შესახებ დღევანდელ ევროპაში ქვემოთ მოცემული კითხვებისა და პასუხების საშუალებით.
ვინ შექმნა პორტფოლიო?
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო შემუშავებულია ევროპის საბჭოს და მისი პარტნიორების მიერ ევროპის ახალგაზრდულ სექტორში. 1949 წელს დაარსებული ევროპის საბჭო არის კონტინენტის წამყვანი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია. მასში შედის 47 წევრი ქვეყანა, რომელთაგან 27 ევროკავშირის წევრიცაა. ევროპის საბჭოს მისიაა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა. მისი ძირითადი ინსტრუმენტებია ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენცია, და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. გაიგეთ მეტი ევროპის საბჭოს შესახებ: www.coe.int.
ევროპის საბჭოს და მის პარტნიორებს სურთ უფრო მეტი ახალგაზრდის წახალისება, რათა მათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაში და ადამიანის უფლებების, კულტურული მრავალფეროვნებისა და სოციალური ერთობის ღირებულებების დაცვაში. ისინი ასევე დაინტერესებულნი არიან ახალგაზრდული პოლიტიკის პოპულარიზაციითა და განვითარებით და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული აქვთ ახალგაზრდობის მონაწილეობაზე.
ევროპის საბჭოს მთავარი მისია ახალგაზრდებთან მიმართებაში არის მათთვის აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების შესაძლებლობის მიცემა. ევროპის საბჭო თვლის, რომ ახალგაზრდულმა ეროვნულმა და საერთაშორისო პოლიტიკამ ახალგაზრდებს უნდა შეუქმნას შემდეგი შესაძლებლობები, საშუალებები და ხელმისაწვდომობა:
- კეთილდღეობა
- ფორმალურს გარე, არაფორმალური და ფორმალური სწავლა
- საზოგადოებაში ჩართულობა
- მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება.
შემდეგ დიაგრამაზე ჩანს ამ მიდგომის შეჯამება:
ევროპის საბჭოს აქვს ახალგაზრდობის დეპარტამენტი, რომელსაც ერთობლივად მართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მთავრობებისგან შემდგარი ორგანოები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების თანაბარი უფლებამოსილებები. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს აქვს ევროპაში ახალგაზრდული მუშაკებისა და ახალგაზრდა ლიდერების მომზადებისა და აღზრდის დიდი ხნის ტრადიცია. გაიგეთ მეტი ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის, თანადაფინანსების სისტემის, ჩართული პარტნიორების და მისი საქმიანობის შესახებ აქ www.coe.int/youth.
რატომ შეიქმნა პორტფოლიო?
1. პორტფოლიო არის ინსტრუმენტი ახალგაზრდული საქმიანობის აღიარების გასაუმჯობესებლად:
ევროპის მასშტაბით ახალგაზრდული საქმიანობის პრაქტიკოსთა საზოგადოებამ, რეგულარული დებატებისა და გაცვლების საშუალებით, წარმოაჩინა იმ ინსტრუმენტის საჭიროება, რომელიც მათ დაეხმარება თავიანთი საქმიანობის უკეთესად აღიარებაში. ამისათვის პორტფოლიო პრაქტიკოსთა საზოგადოების წევრებს უწევს შემდეგ დახმარებას:
- მათი კომპეტენციების იდენტიფიცირება, შეფასება და ჩაწერა
- მათი კომპეტენციების აღწერა სხვებისათვის
- საკუთარი სწავლისა და განვითარების შემდგომი მიზნების დადგენა.
პორტფოლიო შემუშავებულია ევროპის საბჭოს ახალგაზრდა ლიდერებისა და ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგების მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით. 1972 წელს სტრასბურგში ევროპული ახალგაზრდული ცენტრის დაარსების შემდეგ, ევროპის საბჭოს ახალგაზრდულმა სექტორმა შეიმუშავა ტრენინგების ფართო სპექტრი ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისა და ორგანიზაციებისათვის, მულტიპლიკატორების, არაფორმალური პედაგოგების, საჯარო მოხელეებისა და მკვლევარებისთვისაც კი მთელი ევროპის მასშტაბით, ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ანტირასიზმი, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სოციალური ინკლუზია, მონაწილეობა და დემოკრატია. გაიგეთ მეტი ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის საგანმანათლებლო საქმიანობისა და პუბლიკაციების შესახებ: www.coe.int/youth.
2. პორტფოლიო არის ახალგაზრდული პოლიტიკისადმი ევროპის პის საბჭოს მიდგომის პოპულარიზაციის ინსტრუმენტი:
ევროპის საბჭო ახალგაზრდობის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ ამოცანად ხედავს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ეს ამოცანა ახალგაზრდების ცხოვრების იმდენ ასპექტს ეხება, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა მოიცავს საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის, განათლებას, ჯანმრთელობას, სოციალურ საკითხებს, ოჯახს, სამართლიანობას, საცხოვრებელს და ა.შ. ამიტომ მისი განხორციელება პოლიტიკის სხვადასხვა სექტორების კოორდინირებული მუშაობით უნდა ხდებოდეს. ევროპის საბჭო ხელს უწყობს საქმიანობის ამ "სექტორთაშორის" მეთოდს მის წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემების გადასაჭრელად.
სექტორთაშორისი მიდგომა ახალგაზრდული პოლიტიკისადმი ნიშნავს, რომ იგი განხორციელდება ჩარევის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, დაწყებული იურიდიული ზომებით და დამთავრებული სპეციალური ტიპის პროგრამებით ახალგაზრდებისთვის. ევროპის საბჭოს ძირითადი განზომილებაა საგანმანათლებლო საკითხი. ახალგაზრდული პოლიტიკა ხელს უწყობს ახალგაზრდებს აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო კომპეტენციების მოპოვებაში (მაგალითად, ავტონომია, პასუხისმგებლობა, ინიციატივა, ჩართულობა, სოლიდარობა და ა.შ.). ამიტომაც, არაფორმალური განათლებისა და სწავლის პრინციპებზე დაფუძნებული ახალგაზრდული საქმიანობა წარმოადგენს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამუშაო ინსტრუმენტს.
პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, გაიაზრონ, თუ როგორ უწყობენ ისინი ხელს ახალგაზრდებს აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო კომპეტენციის შეძენაში. ეს მათ მოუწოდებს დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი ცოდნით, დამოკიდებულებებითა და უნარებით ხელი შეუწყონ ახალგაზრდული პოლიტიკის ამ უმთავრეს მიზანს.
3. პორტფოლიო არის ევროპის საბჭოს და ევროპის ახალგაზრდული სექტორის ღირებულებების პოპულარიზაციის ინსტრუმენტი
ევროპის საბჭო თვლის, რომ ინდივიდების, ორგანიზაციების და ინსტიტუციების ახალგაზრდული საქმიანობის მრავალფეროვანი პრაქტიკა მთელს ევროპაში, ასახავს საზოგადოების მათეულ ხედვას და იმ ღირებულებებს, რომელთა პოპულარიზაციაც მათ სურთ.
ევროპის საბჭოს მისიაა ისეთი ევროპის პოპულარიზაცია, რომელიც:
- პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და ადამიანის ღირსებას
- ახალისებს მონაწილეობრივ დემოკრატიას
- ესწრაფვის სოციალური ერთიანობის, სოციალური სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობის მიღწევას
- პლურალისტურ მულტიკულტურულ საზოგადოებაში ერთად ცხოვრებას განიხილავს, როგორც შენაძენს და სოციალური და ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობას, და არა როგორც პრობლემას
- ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას
- აქტიურად მუშაობს რასიზმისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, რომლებიც ეფუძნება სოციალურ და ეთნიკურ წარმოშობას, რელიგიასა და სექსუალურ ორიენტაციას
- ხელს უწყობს მსოფლიოში ცხოვრების გაუმჯობესებას გლობალური სოლიდარობის აქტიური ღონისძიებების საშუალებით.
ამ ფასეულობებს პორტფოლიო ასახავს იმის გაგებაში, თუ რა არის ახალგაზრდული სამუშაო, როგორ უნდა განხორციელდეს იგი და რომელი კომპეტენციებია საჭირო მისი წარმატებით შესასრულებლად. თავად თვითშეფასების ინსტრუმენტის იდეა, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს, გუნდებს და ორგანიზაციებს, ჩაუფიქრდნენ თავიანთ კომპეტენციას ახალგაზრდულ საქმიანობაში და განავითარონ საკუთარი გეგმები, ემყარება ახალგაზრდული საქმიანობის ხედვას, როგორც განუწყვეტელ სწავლის პროცესსა და ემანსიპაციას, როგორც მათთვის, ვინც ამას პრაქტიკულად აკეთებს, ასევე მათთვის, ვინც ამაში მონაწილეობს..
რას ეხება ევროპული დებატები ახალგაზრდული საქმიანობის აღიარებაზე?
2000-იანი წლების დასაწყისიდან საგრძნობლად გაიზარდა ინ პოზიტიური როლის მნიშვნელობა, რომელსაც სოციალური ინტეგრაციის, აქტიური მოქალაქეობისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის ასრულებს ახალგაზრდული საქმიანობა, არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით. ამ მზარდმა ინფორმირებულობამ ახალგაზრდული საქმიანობა და არაფორმალური სწავლება მრავალი სახელმწიფოს მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტის პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა.
ახალგაზრდული საქმიანობისადმი ეს მზარდი პოზიტიური დამოკიდებულება მეტწილად ახალგაზრდული საქმიანობის ორგანიზაციების და პროვაიდერების მიერ უკეთესი აღიარების მოსაპოვებლად განხორციელებული მცდელობების შედეგია. მათი ადვოკატირების შედეგად განხორციელდა ევროპული ინსტიტუტების უფრო სტრატეგიული მიდგომა, რათა მთავრობებმა ხელი შეუწყონ ამგვარი სამუშაოს დაფასებას, აღიარებასა და მხარდაჭერას სპეციალური პოლიტიკის, პროგრამებისა და რესურსების საშუალებით. ის, რაც დღეს "ევროკავშირის აღიარების დებატების" სახელით არის ცნობილი, ეხება ოთხ ძირითად "როგორ უნდა" შეკითხვას, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ:
ეს დებატები ტარდება პრაქტიკოსთა სხვადასხვა ჯგუფებში, დაწყებული განათლებით დამთავრებული სოციალური მუშაობით, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღიარება არის ევროპის საბჭოს და ევროკავშირის საქმიანობის ძირითადი სფერო ახალგაზრდულ პოლიტიკაში. პოლიტიკოსები, ახალგაზრდული მუშაკები და მკვლევარები მთელი ევროპის მასშტაბით მონაწილეობენ საუკეთესო და სტრატეგიული გზების შედგენაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალგაზრდულმა საქმიანობამ მიიღოს აღიარება, რაც საჭიროა ახალგაზრდების წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. მონაწილე მხარეების ძირითადი მიზანი შეიძლება შეჯამდეს შემდეგ ციტატაში 2011 წელს მიღებული პოლიტიკური დოკუმენტიდან, რომელიც ეხებოდა ევროპაში არაფორმალური სწავლების აღიარებას:
[…] ერთობლივი საქმიანობა ევროპაში ახალგაზრდული საქმიანობის აღიარების და არაფორმალური სწავლების საშუალო და გრძელვადიანი კოორდინირებული სტრატეგიის ერთიანი საფუძველის შესაქმნელად, სხვადასხვა პოლიტიკის სექტორის აქტორებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.[i]
[i] პარტნიორობა ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის ახალგაზრდობის სფეროში, Getting There. სტრასბურგი, 2013 წ. ხელმისაწვდომია ინტერნეტში: http://pjp-eu.coe.int/documents/1017981/7110699/STATEMENT_SYMPOSIUM.pdf/9f6090f9-91e3-46da-9a09-dcb715eed87f
როგორ ჯდება პორტფოლიო ევროპის აღიარების დებატებში?
პორტფოლიოს ინიციატივა წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულების სპეციალურ მაგალითს, ხელი შეუწყონ ახალგაზრდული საქმიანობის აღიარებას არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით. ეს ვალდებულება ოფიციალურად იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის Rec(2003)8 რეკომენდაციაში, წევრი ქვეყნებისადმი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების/სწავლის პოპულარიზაციისა და აღიარების შესახებ და შემდგომ დოკუმენტებში. (დამატებითი საკითხავი იხილეთ შემდეგ განყოფილებაში). ინდივიდების, გუნდებისა და ორგანიზაციებისათვის პორტფოლიო წარმოადგენს მათი კომპეტენციის შესაფასებელ საშუალებას და ხელს უწყობს ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის გამჭვირვალობის გაზრდას. პორტფოლიოს გამოყენება გვიჩვენებს, რომ ინდივიდუალურ პრაქტიკოსს, გუნდს ან ორგანიზაციას არ ეშინიათ, რომ მათი კომპეტენციისა და საქმიანობის ხარისხი დაიდოს მიკროსკოპის ქვეშ. ეს გვიჩვენებს, რომ მათ არ ეშინიათ თვითკრიტიკულად იფიქრონ იმაზე, თუ რამდენად წარმატებით აღწევენ იმას, რაც, მათი განცხადებით, შეუძლიათ. თუმცა, ცნობილია, რომ ევროპის მასშტაბით ახალგაზრდული საქმიანობის ავანგარდში მყოფ უფრო მეტ პრაქტიკოსს სჭირდება პორტფოლიოს გამოყენება, რათა მან დადებითი გავლენა მოახდინოს სასურველ აღიარებაზე..
ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ ინიცირებული "სტრასბურგის პროცესი" მოითხოვს აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის პროცესს არაფორმალური სწავლების ვალიდაციისა და ახალგაზრდული საქმიანობის აღიარების მიზნით. იგი სთხოვს ინსტიტუციებს, შეიმუშაონ ბოლონიის უმაღლესი განათლების პროცესის მსგავსი ინსტრუმენტი. ამ პროცესის შედეგად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები შეთანხმდნენ, რომ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ბიუჯეტის 5% მოხმარდება საქმიანობებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ არაფორმალური სწავლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის აღიარებას.
ევროპის საბჭო ასევე იყენებს სხვა ინსტიტუტებთან პარტნიორობას აღიარების ხელშესაწყობად. სწორედ ამიტომ, პორტფოლიოს ინიციატივა დაკავშირებულია სხვა ევროპული ინსტიტუტების პროექტებთან, განსაკუთრებით ევროკომისიასთან და მის საგანმანათლებლო და უწყვეტი სწავლის პროგრამებში ჩართულ სხვადასხვა სტრუქტურებთან, როგორიცაა Erasmus + პროგრამის ეროვნული სააგენტოები, SALTO-ს რესურსცენტრები და პროფესიული სწავლების განვითარების ევროპული ცენტრი (CEDEFOP).
კერძოდ, ევროპის საბჭოს 2012 წლის 20 დეკემბრის რეკომენდაციის მიღება არაფორმალური და ფორმალურს გარე სწავლების ვალიდაციის შესახებ აღიარებს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ამ პროცესს შეუძლია შეასრულოს განათლების გადააზრებაში, შრომის ბაზარზე უნარ-ჩვევების მიწოდების გაუმჯობესებაში, მობილობის ხელშეწყობაში, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ამაღლებაში.
SALTO-ს სასწავლო და თანამშრომლობის რესურსცენტრის მიერ აღიარებისათვის განხორციელებულ მიმდინარე საქმიანობებში შედის კომპეტენციის პროფილის შემუშავება და გამოქვეყნება ახალგაზრდული მუშაკებისათვის, რომლებიც “საერთაშორისო გუნდებში მუშაობენ” და მხარს უჭერენ ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროგრამას Erasmus+. პორტფოლიოში შემუშავებული კომპეტენციის პროფილსა და ამ კომპეტენციის პროფილს შორის არსებობს რამდენიმე ძირითადი გადაფარვა. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდული საქმიანობის საერთაშორისო და კულტურათაშორის განზომილებებს. გარდა ამისა, პორტფოლიოსა და Youthpass–ის ძირითადი ცნებები და მიზნები, გადამოწმების და სერტიფიცირების მეთოდი ახალგაზრდული პროგრამის ღონისძიებების მონაწილეებისთვის, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პორტფოლიოს მომხმარებლების ამოცნობის ვარიანტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ შემდეგ განყოფილებაში.
როგორია პორტფოლიოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღიარების ვარიანტები?
ამ ეტაპზე არ არსებობს პორტფოლიოსთან ასოცირებული სპეციალური აღიარების, ვალიდაციის ან სერტიფიცირების პროცესი. გარდა ამისა, არ არსებობს ”ერთი ფანჯარა”, სადაც განიმარტება აღიარების, ვალიდაციისა და სერტიფიცირების ვარიანტები მთელ ევროპაში ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისათვის. ამ ორმა ფაქტმა შეიძლება გაურთულოს ახალგაზრდობის საქმიანობაში ჩართულ პირებს მათი მიღწევებისა და საქმიანობის ღირებულების აღიარება.
პორტფოლიო, როგორც კომპეტენციების თვითშეფასების ინსტრუმენტი, არის აღიარების მრავალი არაფორმალური მეთოდიდან ერთერთი, რომელიც ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის. პორტფოლიოში გაერთიანებულია თვითშეფასების და გამოცდილების დამადასტურებელი საბუთები, თქვენი აქტივობების მონაწილეთა მადლობები, რეკომენდატორების გამოხმაურებები, შემდგომი განათლებისა და ტრენინგის სერტიფიკატები და ამით პორტფოლიოს მფლობელს უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ისტორიით. ფოტოგრაფის ან გრაფიკული დიზაინერის მსგავსად, რომელიც ქმნის თავისი მხატვრული შემოქმედების პორტფოლიოს, ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ პირებს შეუძლიათ პორტფოლიოს გამოყენება იმის საჩვენებლად, თუ რა გაუკეთებიათ და რატომ ფიქრობენ ისინი და, საბოლოო ჯამში, სხვებიც, რომ ამის კომპეტენცია აქვთ.
თუმცა, ევროპაში არსებობს ”ფორმალური” აღიარების, ვალიდაციისა და სერტიფიცირების სხვადასხვა შესაძლებლობები. ეს უფრო ხშირად ორგანიზებულია ეროვნულ დონეზე, მაგრამ არსებობს ევროპული ვარიანტებიც. თქვენს კონტექსტში საქმიანობის საშუალებით თქვენ საუკეთესოდ შეაფასებთ, თუ რა აღიარებაა სასარგებლო ან საჭირო თქვენი სიტუაციისა და განვითარებისათვის. აქ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გამოიყენოთ პორტფოლიო აღიარებისაკენ მიმავალ გზაზე.
შემოწმების და სერტიფიცირების ოფიციალური პროცედურები, ჩვეულებრივ, ორგანიზებულად ტარდება სახელმწიფოს შიგნით, აღიარებული ეროვნული, რეგიონული ან ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ტიპის ინსტიტუტების მიერ. ისინი ძალიან ბევრნაირია. ყოველ ქვეყანას სხვადასხვა ფორმა და პროცედურა აქვს, ზოგიერთ ქვეყანას კი აღიარების მოპოვების რამდენიმე განსხვავებული გზაც კი გააჩნია. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანას აქვს უნივერსიტეტის დონის ბაკალავრის ხარისხის სასწავლო პროგრამები და სხვებს კი აქვთ პროფესიული მომზადების პროგრამები. სხვები აძლევენ საშუალებას ადამიანებს, მოიპოვონ ახალგაზრდული საქმიანობისთვის საჭირო კვალიფიკაცია სამუშაოსთან შეთავსებული პრაქტიკით. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს სპეციალური პროფესიული ან აკადემიური კვალიფიკაციის სისტემა ახალგაზრდული საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანას აქვს რამდენიმე გზა, რომელთა არჩევა ან შერწყმა შეიძლება, პიროვნების ინტერესის, სწავლის სტილისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ბევრ ქვეყანაში, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ინსტიტუტები გვთავაზობენ პროფესიულ მომზადებას და შემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობებს მოკლე და გრძელვადიანი კურსის ფორმატში, სხვადასხვა სახის სერტიფიკაციით.
თქვენს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გზების შესახებ ინფორმაციის მიღება კვლევასა და დროს მოითხოვს. აი, რამდენიმე სასარგებლო საწყისი წერტილი, მეტი ინფორმაციის მისაღებად:
- თქვენს ქვეყანაში, რეგიონში ან ქალაქში უმაღლესი განათლების, პროფესიული სწავლების ან მოზრდილთა განათლების ორგანოებს შეუძლიათ ინფორმაცია გასცენ მომსახურების მიმწოდებელი ქსელებისა და სხვა შესაბამისი შესაძლებლობების შესახებ. მონაწილე ქვეყნებისათვის EURYDICE ქსელი უზრუნველყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ლოკალური თუ ეროვნული დონის ორგანოები არიან პასუხისმგებელნი სხვადასხვა სახის განათლებაზე, ტრენინგზე და აღიარებაზე და ა.შ.
- ევროკომისიის Erasmus+ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებში, პროგრამაზე პასუხისმგებელ ეროვნულ სააგენტოებს შეუძლიათ გასცენ ინფორმაცია კონკრეტული ეროვნული ინიციატივების შესახებ ახალგაზრდობის, პროფესიული სწავლებისა და ზრდასრულთა განათლების სფეროში, მათ შორის ინფორმაციაც აღიარების შესახებ.
- Eurodesk-ის პორტალი სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის საჭირო ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. Eurodesk არის ინფორმაციის მთავარი მომწოდებელი ევროპული პოლიტიკისა და შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდებისთვის და მათთან მომუშავე პირებისათვის.
- Youthpass არის ევროკომისიის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს არაფორმალური სწავლების აღიარებას. ის ხელმისაწვდომია Erasmus + Youth in Action (2014- 2020) და Youth in Action (2007-2013) პროგრამების მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის. როგორც სწავლის შედეგების ვიზუალიზაციისა და ვალიდაციის საშუალება, იგი პრაქტიკაში იყენებს პოლიტიკას და პოლიტიკაში კი პრაქტიკას:
- მათი Youthpass სერტიფიკატის დამხმარე პირთან ერთად შექმნით, პროექტების მონაწილეებს შეუძლიათ, აღწერონ, თუ რა გააკეთეს თავიანთ პროექტში და რომელი კომპეტენციები შეიძინეს. ამრიგად, Youthpass ხელს უწყობს რეფლექსიას პიროვნული არაფორმალური სწავლის პროცესს.
- პროექტის დამატებითი ღირებულების დოკუმენტირება, Youthpass-ი ვიზუალიზაციას და მხარდაჭერას ახდენს ახალგაზრდების და ახალგაზრდული მუშაკების აქტიური ევროპული მოქალაქეობას
- Youthpass, როგორც ახალგაზრდულ სფეროში არაფორმალური სწავლების ვალიდაციის პანევროპული ინსტრუმენტი, ხელს უწყობს საზოგადოების მიერ ახალგაზრდული საქმიანობის აღიარების განმტკიცებას.
- სერტიფიკატის მეშვეობით ძირითადი კომპეტენციების გათვალსაჩინოებითა და ვალიდაციით, Youthpass საბოლოო მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდულ მუშაკთა დასაქმების უნარიანობის მხარდაჭერას.
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.